მთავარი თემა
გაზეთი “პრაიმტაიმი”: “ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკომაფიას ომი გამოუცხადა”

გაზეთი “პრაიმტაიმი”: “ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკომაფიას ომი გამოუცხადა”

ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკომაფიას ომი გამოუცხადა  -   ამ შინაარსის სტატიას დღეს გაზეთი “პრაიმტაიმი”   აქვეყნებს.  პუბლიკაციაში მოყვანილია შსს ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების ამოღების ფაქტებმა იმატა.

“მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ასეთი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ნარკოტიკული ნივთიერება, რაც ერთდროულად იქნა ამოღებული 116 კილოგრამი ჰეროინია,  რომელიც სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის ტერიტორიაზე დაკავებული თურქეთის და მოლდოვის რესპუბლიკების ორი მოქალაქისგან ამოიღეს. მხოლოდ ბოლო ორი დღის მანძილზე ქართველი სამართალდამცავების მხრიდან სარფის საბაჟო პუნქტზე ამოღებულ იქნა 1 კილოგრამი ჰეროინი და 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება” – ნათქვამია გაზეთში.

“პრაიმტაიმთან” ექსპერტი მამუკა არეშიძეც საუბრობს. გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ის არ გამორიცხავს, რომ  ერთი მხრივ, იმ ძალებმა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას იყენებენ ამ საქმისთვის, მოინდომებენ იმ პირების ფიზიკური ლიკვიდაცია, ვინც დაკავებულია ნარკოტიკებთან ბრძოლით, მეორე მხრივ კი არ არის გამორიცხული ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობას ჰქონდეს ადგილი, რათა ნარკოტრანზიტისთვის არავის ეცალოს.

” გარდა ამისა, თვითონ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. მე ვთვლი, რომ ეს ხელოვნურად მართული პროცესია. რა გამოდის, ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, ამ დროს კი შსს თითქოს აკონტროლებს სიტუაციას და ნარკოტრანზიტს ებრძვის. თბილისი მაგალითზე შესაძლებელია თქმა, რომ ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობამ იმატა, იგივე ხდება გორში. ადგილობრივი პოლიცია ცდილობდა ჩაეტარებინა ღონისძიებები ადგილობრივი „ნარკობარიგების“ წინააღმდეგ, მაგრამ ისინი გაფრთხილებული აღმოჩნდენ. როგორც ჩანს, ძალები, რომელიც ჯერ არიან დარჩენილი შსს-ში ვიღაცისგან იღებენ დავალებას. ფაქტია, რომ ისინი ხელს უწყობენ ნარკოტიკების გავრცელებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტურს ხდიან. უამრავი ფატი გვაქვს მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც ტრანსნაციონალური ნარკოტიკული ორგანიზაციები ცდილობენ ან გადმოიბირონ, ან მოისყიდონ, ან ფიზიკურად გაანადგურონ იმ ქვეყნის ჩინოვნიკები, სადაც ისინი ახორციელებენ ნარკოტრანზიტს. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ ამაში აქტიურად ჩართული. გოგა ხაინდრავას არაერთხელ დაუსახელებია მთავარი ნარკოტრანზიტორი საქართველოში – ვანო მერაბიშვილი. ხელისუფლების რაღაც რგოლები ჩართული იყო ამ ნარკოტრანზიტის საქმეში და ძალიან მარტივად ხდებოდა ყველაფერი. დღეს ხელისუფლება ცდილობს არ იყოს ჩართული ამაში, მაგრამ არსებობს ძალები რომლებსაც ეს არ მოსწონთ და ამიტომაც გვაქვს ის სურათი რომელიც გვაქვს. ამ მოვლენებთან ბრძოლა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ საქართველოს შსს ამას ვერ აუვა. ჩვენი მეზობლები, მაგალითად თურქეთი, რაღაც დონეზე დაინტერესებულია, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. აზერბაიჯანიც ახდენს ამის დეკლარირებას. თუ ეს ერთობლივი მუშაობით არ იქნა მიღწეული, ძალიან რთულია ამ საქმის მორევა. ის, რომ თბილისში და გორში ნარკომომხმარებლების რიცხვი გაიხარდა, ამაზე რეაგირება რომ არის საჭირო, ამისთვის შს მინისტრს ჩემი რჩევა არა მგონია დასჭირდეს. არსებობს აშშ-ს სპეციალური დეპარტამენტის დასკვნები, რომელზეც რეაგირება უნდა მოხდეს” .  - აღნიშნავს სტატიაში მამუკა არეშიძე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.

Scroll To Top